თეგი: ფოთის პორტი

კელი დეგნანი: ფოთის პორტი არის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს

"ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს, პატივს ვცემთ თავისუფლებას, ნავიგაციას, წვდომას საზღვაო გზებზე და ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს. ეს არის სიმბოლო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ იმყოფება აღნიშნულ ცერემონიაზე. ელჩმა აღნიშნა, რომ იგი 2020 წელს იმყოფებოდა ადგილზე, სადაც ნავსადგურის პროექტის მშენებლობა უკვე მიმდინარეობდა. მისივე თქმით, ძალიან მოხარულია, რომ დღეს ნავსადგურის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე იმყოფება და საბოლოო შედეგს ხედავს. დეგნანმა დასძინა, რომ აღნიშნული ნამდვილად ეტაპობრივი მოვლენაა არა მარტო „პეის ჯგუფისათვის“, მთელი ქვეყნისთვის. „ძალიან მიხარია, რომ აშშ, საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციასთან (DFC) ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პროექტის მშენებლობასა და განვითარებაში. ჩვენ ვისურვებდით, რომ ამ კომპანიის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ აქ, მაგრამ ვირტუალურად გვერთვებიან", - განაცხადა დეგნანმა.

პრემიერ-მინისტრი: „ფოთის ახალი ნავსადგური" უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის

„ფოთის ახალი ნავსადგურის“ მასშტაბური მშენებლობა 2020 წლიდან მიმდინარეობდა და ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, - ამის შესახებ „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ გახსნის ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ, საქართველოს შავი ზღვის კარიბჭეში, ყოფნა. ვულოცავ კომპანია „პეისს“, მის თითოეულ თანამშრომელს ასეთი მასშტაბური პროექტის წარმატებით განხორციელებას. მოგეხსენებათ, რომ 2020 წლიდან მიმდინარეობდა „ფოთის ახალი ნავსადგურის“ მასშტაბური მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ჩართულობა ამ პროექტში. აშშ-ის ფედერალური მთავრობის საერთაშორისო ფინანსური განვითარების კორპორაციიდან გამოყოფილი იყო დაფინანსება 50 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი და რეგიონში უდიდესი სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის მქონე ქვეყანაა. განსაკუთრებით ვუხდი მადლობას ბატონ სოსო დოლიძეს, რომელმაც თავის გუნდთან ერთად ეს არაჩვეულებრივი პროექტი განახორციელა ჩვენი ქვეყნისთვის. კომპანია „პეისი“ უკვე 30 წელია, წარმატებით საქმიანობს. დღეს ამ კომპანიის იუბილეა და ვულოცავ თითოეულ თანამშრომელს. კომპანიაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო კომპანიის ოპერირებაში მყოფი არსებული ნავმისადგომების ყოველწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მლნ ტონას შეადგენს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელების პროცესში კომპანიამ გამოიჩინა ძალიან დიდი სოციალური პასუხისმგებლობა. მშენებლობის პროცესში შეიქმნა ასობით ახალი სამუშაო ადგილი, რაც პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ რეგიონის მოსახლეობისთვის", - განაცხადა პრემიერი.

კასპიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებიდან, შუა დერეფნით ტვირთების გადაზიდვის ინტერესი გაიზარდა - APM Terminals Poti-ის კომერციული დირექტორი

კომპანია APM Terminals Poti-ის კომერციული დირექტორი იენ როულინსონი აზერბაიჯანულ მედიასთან ფოთის პორტში ტვირთბრუნვის ზრდის მიზეზებს ასახელებს. მისი თქმით, შუა დერეფნით ტვირთების გადაზიდვაზე მეზობელი ქვეყნების ინტერესი გაიზარდა. „დღეს ჩვენ ვხედავთ ტვირთების გადაზიდვის კუთხით დიდ ინტერესს კავკასიის რეგიონში, მეზობელი ქვეყნების მხრიდან. ასევე ინტერესი მზარდია კასპიისა და ცენტრალური აზიის მიმართულებებიდანაც. მათი ინტერესის საგანია შუა დერეფნით ჩინეთიდან ტვირთების სარკინიგზო გადაზდვები. მანამდე ამ ტვირთების გადაზიდვა რუსეთის გავლით ხდებოდა. ბოლო დროს ვხედავთ, რომ ტვირთები შემოდის ყაზახეთიდან კასპიის ზღვით აზერბაიჯანში, შემდეგ კი ფოთის პორტში, რათა ზღვით ევროპაში გავიტანოთ. ამის მიზეზია ის, რომ ჩრდილოეთის კორიდორით სარგებლობა ახლა შეუძლებელია“, - აცხადებს იენ როულინსონი. საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა იზრდება შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა - საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს ამასთან, როულინსონი აღნიშნავს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, კავკასიის რეგიონში ტვირთების გადაზიდვის პრობლემა გაჩნდა და ბოლო ორი თვეა ტვირთნაკადის ზრდა დაფიქსირდა. თუმცა რთულია იმის პროგნოზი, ტვირთნაკადის ზრდა რამდენად იქნება სტაბილური, რადგან ამ დროისთვის ამ მიმართულებით ჯერ გაურკვეველი ვითარებაა.  პაატა ცაგარეშვილი: საქართველოზე, დღეს როგორც სატრანსპორტო ჰაბზე საუბარი პოლიტიკოსების რიტორიკაა, თუმცა გაჩნდა შანსი, რომ ჩვენი დერეფნით მეტი ტვირთი გავატაროთ APM Terminals Poti-ის კომერციული დირექტორი აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ფოთის პორტში ტვირთნაკადი ყოველწლიურად თითქმის 20%-ით მცირდებოდა. „მაგრამ ჩვენ დივერსიფიკაციის მეშვეობით ახალი შესაძლებლობები შევქმენით. გადავერთეთ სარკინიგზო და საბორნე გადაზიდვებზე. ასე შევძელით ფინანსური პრობლემების გადაჭრა“, - აღნიშნა როულინსონმა. დღეს ფოთის პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 500-550 000 TEU-ს (კონტეინერს) შეადგენს. გასულ წელს გადაზიდვის მაჩვენებელი 300 000 TEU იყო, რაც სრული სიმძლავრის 60%-ია. APM Terminals-ი ფოთის პორტის ოპერატორი კომპანიაა და მისი შტაბ-ბინა ნიდერლანდებში მდებარეობს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა. ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები 4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურნენ. წლიურ ჭრილში ზრდა 0.5 მლნ ტონას შეადგენს. 

შსს აცხადებს, რომ ფოთის პორტში 80 კილოგრამამდე „ჰეროინი“ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გენერალური პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის მოქალაქე - 1961 წელს დაბადებული ბ.ტ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში ფოთის პორტში გამოავლინეს რისკის შემცველი სატვირთო ავტომობილი რომელსაც ბრალდებული მართავდა. ავტომობილის ჩხრეკისას, მისაბმელის უკანა ორ კარში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან - 315 შეკვრად დაფასოებული, 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს განზრახული ჰქონდა ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ევროპაში გადაზიდვა, აღნიშნულის განხორციელებას ის საქართველოს ერთ-ერთი საზღვაო პორტის გავლით ცდილობდა, რა დროსაც იგი დაკავებული იქნა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლის ნათელი მაგალითია გასულ თვეში ჩატარებული ერთობლივი საპოლიციო ღონისძიება ბელგიელ და ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად, რომლის ფარგლებშიც, ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ბელგიის სამეფოში, კერძოდ ანტვერპენის პორტში ორ ეტაპად ამოღებული იქნა უპრეცედენტო რაოდენობის 1 ტონა და 660 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ.